აღნიშნული სტატია ეკუთვნის ჩემ ერთ-ერთ კარგ მეგობარს, მომავალ ექიმს და მისი საქმის უბადლოდ მცოდნეს (ჩემი სუბიექტური აზრით), რომელიც ჟურნალ "არსენალმა" გამოაქვეყნა ამ თვის ნომერში. (
ავტ. შენიშვნა)
ინდივიდუალური პირველადი
დახმარების პაკეტი (პდპ) წარმოადგენს
სამედიცინო დანიშნულების ნივთების
ნაკრებს, რომელსაც თითოეული მებრძოლი
თან ატარებს ბრძოლის ველზე. სხვადასხვა
ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში
ერთმანეთისაგან განსხვავებული პაკეტები
გამოიყენება, მაგრამ მათი ამოცანა
ძირითადად საერთოა, ბრძოლის ველზე
დაღუპვის ყველაზე გავცელებული
მიზეზების — ძლიერი სისხლდენისა და
სასუნთქ სისტემასთან დაკავშირებული
სხვადასხვა ტიპის დაზიანებების
აღმოფხვრა. კარგად დაკომპლექტებულ და
დროულად გამოყენებულ პირველადი
დახმარების პაკეტს კი არაერთი სიცოცხლე
გადაურჩენია ომების ისტორიაში.
ინდივიდუალური პირველადი დახმარების პაკეტი (IFAK)
არა მხოლოდ სხვადასხვა ქვეყნის,
არამედ ერთი ქვეყნის არმიის სხვადასხვა
ნაწილებში მყოფი სამხედროების პდპ-ც
შეიძლება განსხვავდებოდეს.
თვალსაჩინოებისთვის განვიხილოთ აშშ-ს
შეიარაღებულ ძალებში შემავალი ორი
ძირითადი კომპონენტი: საკუთრივ არმია და
საზღვაო ქვეითთა კორპუსი.
არმიის, ისევე როგორც სხვა
დანაყოფების, პდპ-მა დიდი გზა გაიარა, რომ
თანამედროვე ეფექტური სახე მიეღო. დღეს
ამერიკის არმია იყენებს IFAK II (improved first
aid kit) -ს, თუმცა სანამ უშუალოდ მის
აღწერაზე გადავალთ, უმჯობესია მისი
წინამორბედებს, IFAK (IMPROVED first aid kit)-სა და IFAK (INDIVIDUAL first aid kit)-ს
გავეცნოთ. ორი იდენტური სახელი
შესაძლოა ბეჭდურ შეცდომას მიაწეროთ,
მაგრამ ეს ორი აბრევიატურა ერთმანეთისგან
ერთი სიტყვით განსხვავდება. ერაყში
შეჭრამდე ამერიკის არმიამ შეიმუშავა
ინდივიდუალური პირველადი დახმარების პაკეტი (individual first aid kit), რომლითაც
მალევე აღჭურვა სამხედროთა
შემადგენლობა. მასში შედიოდა: 1 ლახტი -
არტერიული სისხლდენის შესაჩერებლად, 1
ჰემოსტატიკური სახვევი (Quickclot Combat
gauze dressing) - გამოიყენება სისხლდენის
შესაჩერებლად, 2 წყვილი ქირურგიული
ხელთათმანი, 1 ცალი ცხვირ-ხახის
(ნაზოფარინგეალური) მილი – სასუნთქი
გზების გამავლობის აღსადგენად, 1 ცალი
დახვეული ლეიკოპლასტირი – სახვევების
დასამაგრებლად, საველე სახვევი –
ჭრილობის შესახვევად და ელასტიური
ბინტი – დამწოლი სახვევის დასაკეთებლად
ან ჭრილობის შესახვევად. ყველა ნივთი
ტყვიამფრქვევ SAW-ის 100-ვაზნიანი
მჭიდისთვის განკუთვნილ პატარა ჩანთაში
თავსდებოდა. დამზადდა დაახლოებით
900 000 ეგზემპლარი.
მალევე შეიქმნა გაუმჯობესებული
ვარიანტი, რომელსაც improved first aid kit
ეწოდა. ის აღარ იდო ტყვიამფრქვევის
სამჭიდეში, არამედ სპეციალურად მისთვის
განკუთვნილ მცირე ზომის პატარა ჩანთაში,
რომელიც ბევრად ეფექტური იყო
გამოსაყენებლად ვიდრე მისი წინამორბედი.
ნივთები თავსდებოდა მათთვის
განკუთვნილ მცირე ზომის შეკვრაში, რომელიც ემაგრებოდა ძირითად ჩანთას
წელვადი თოკით, რაც შესაძლებელს ხდიდა
ყველა ნივთის ერთდროულად ამოღებას
ძალიან მარტივად და ეფექტურ მანძილამდე
ისე, რომ ისინი არ დაბნეულიყო და
დაკარგულიყო. ჩანთაში შემავალი
კომპონენტები იდენტურია წინა ვარიანტის,
მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ელასტიური
ბინტი შეიცვალა სამხედრო სახვევით israeli
bandage, რომელსაც ისევ დამწოლი სახვევისა
და ჭრილობის მფარავი ფუნქცია აქვს, მაგრამ
ბევრად უფრო ეფექტურია ვიდრე
ელასტიური ბინტი და შესაძლებელია მისი
ცალი ხელით ეფექტურად დადება.
აღწერილია შემთხვევები, როდესაც მცირე და
საშუალო ინტენსივობის არტერიული
სისხლდენაც შეუჩერებია აღნიშნულ ნივთს.
პაკეტიდან ამოიღეს ქვიქქლოთის
ჰემოსტატიკური სახვევი და დაემატა H&H
ფირმის კომპრესირებული სახვევი –
გამოიყენება სისხლდენის შესაჩერებლად.
შეიცვალა ლახტიც და ჩანაცვლდა CAT
(combat application tourniquet) - ით, რომელიც
ასევე დღემდე აქტიურად გამოიყენება
როგორც აშშ-ს, არამედ მსოფლიოს თითქმის
ყველა შეიარაღებულ ძალებში და
საპოლიციო ქვედანაყოფებში. ტურნიკეტებს
ასევე იყენებს გადაუდებელი სამედიცინო
დახმარების და სახანძრო–სამაშველო
დეპარტამენტებში მომუშავე პერსონალი.
2014 წლიდან დაიწყო IFAK-ის ჩანაცვლება
განახლებული IFAK II-ით. რომლისთვისაც
შეიქმნა ახალი MOLLE-ს უნივერსალურ
სამაგრ სისტემასთან თავსებადი ახალი
ჩანთა.
ჩანთას აქვს რიგი უპირატესობები. მისი
გახსნა შეიძლება ორი მხრიდან, რაც
ამარტივებს შიდა პაკეტის ამოღებას, შიდა
პაკეტი, წინა ვერსიის მსგავსად
მიმაგრებულია ელასტიური თოკით
ძირითად ჩანთაზე, მაგრამ თოკი
საგრძნობლად გრძელია. ზემოაღნიშნული შესაძლებელს ხდის IFAK II-ის დამაგრებას
ჯავშანჟილეტის ზურგზე ან საბრძოლო
ქამრის უკანა მხარეს, სადაც როგორც წესი
აღჭურვილობის მცირე ნაწილია
მოთავსებული ან ჯავშნის შემთხვევაში
სულაც ცარიელია(თუ არ ჩავთვლით
ჰიდრატორს, რომელიც ხელს არ უშლის
სამედიცინო ჩანთის დამაგრებას). ჩანთის
შემადგენელ კომპონენტებშიც არის
ცვლილებები. წინამორბედ ვერსიაში
შემავალი კომპონენტები დარჩა ახალშიც,
მაგრამ დაემატა რამდენიმ ახალი ნივთი.
ერთი ლახტის (CAT) ნაცვლად ახალ ჩანთაში
ორი დევს, რომელთაც თავიანთი მცირე
ზომის ჩასადებები აქვთ (ასევე MOLLE
სისტემაზე) ძირითად ჩანთაზე ან სხვა
სასურველ ადგილას დასამაგრებლად.
შემადგელობას დაემატა მარკერი და ბარათი,
რომელშიც იწერება დეტალური ინფორმაცია
დაშავებული სამხედროს შესახებ.
მაგალითად, რა სახის დახმარება გაეწია
დაშავებულს, რითი მოხდა დაზინება და ა.შ.
სასუნთქი სისტემის დაზიანებისთვის,
კერძოდ ღია პნევმოთორაქსის
კონტროლისთვის კომპლექტს დაემატა
მკერდის დრენაჟი ე.წ Chest Seal. მისი
მეშვეობით შესაძლებელია პლევრის ღრუში
არსებული ჰაერის გამოდევნა გარეთ (ერთი
მიმართულებით). შეკვრაში დევს Hyfin-ის
დრენაჟი, ასევე ცნობილია Asherman-ის
დრენაჟი, Sam, უკრაინაში საკმაოდ
პოპულარულია Halo-ს დრენაჟები. თვალის დაზიანებებისთვის პაკეტში დევს ე.წ
თვალის ფარი (ინგ. Eye shield) , რომელიც
წარმოადგენს მყარ, დახვრეტილ ჩაზნექილ
ფირფიტას, რომელიც სახვევის მეშვეობით
ედება თვალზე დამატებითი
დაზიანებებისგან თავის ასაცილებლად.
სიახლეა ასევე სპეციალური საჭრელი (ინგ.
Strap cutter), რომლითაც შესაძლებელია
სახვევების, ღვედებისა თუ სხვა მყარი და
რთულად გასახევი ქსოვილებისა თუ
ნივთების გადაჭრა. 2016 წლიდან ამერიკელ
სამხედროერბის მე–6 თაობის ლახტს
ეტაპობრივად ანაცვლებენ მე-7 თაობის
ლახტით (CAT gen 7).
ინდივიდუალური პირველადი დახმარების პაკეტი II (IFAK II)
არმიის მსგავსად, საზღვაო ქვეითთა
კორპუსმა 2003 წლისთვის შეიმუშავა
პირველადი დახმარების კომპლექტი,
რომელიც დროთა განმავლობაში და დღემდე
განიცდის ცვლილებებს. პაკეტს ეწოდება
IFAK (INDIVIDUAL first aid kit) და დევს
სპეციალურად მისთვის შექმნილ ჩანთაში
(რეალურად ტყვიამფრქვევის 100 ვაზნიანი
მჭიდის გადაკეთებული სამედიცინო
ვერსიაა). თავიდანვე უნდა ითქვას, რომ
საზღვაო ქვეითთა ინდივიდუალური
აფთიაქი საკმაოდ ვრცელია, რაც კარგია,
მაგრამ ამავდროულად მძიმე. იგი იყოფა ორ,
ძირითად (The trauma kit components) და
დამატებით ნაწილებად (Minor First Aid Kit
Component). ძირითად ნაწილში შედის: Quickclot-ის ჰემოსტატიკური სახვევი, 2
ცალი TK4 tourni-kviw -ის ტიპის ლახტი,
რომელიც ძირეულად განსხვავდება არმიის
CAT-ისგან, თუმცა 2016 წლის ცვლილებების
შემდეგ საზღვაო ქვეითთა
კორპუსმაც,არმიის მსგავსად CAT-ის მე-7
თაობის ლახტების შესყიდვა დაიწყო. აქვე
უნდა ითქვას, რომ TK4 ლახტები აფთიაქებში
ჯერ კიდევ დარჩება. ძირითად ნაწილშია
ასევე 2 ცალი H&H-ის H-ებრი დამწოლი
სახვევი, რომელიც არმიის israeli bandage-ის
ანალოგია. არმიის მსგავსად საზღვაო
ქვეითთა პაკეტის ძირითად ნაწილში არის
H&H ის ფირმის კომპრესირებული 2 სახვევი.
განახლებულ ვერსიებში პაკეტი შეიცავს
Bolin-ის დრენაჟს როგორც შემავალი ისე
გამჭოლი ჭრილობებისთვის. .რაც შეეხება
დამატებით ნაწილს, იგი ძირითადად მცირე
დაზიანებებთან გასამკლავებლად
გამოიყენება, მაგალითად: პაკეტშია 15
ცალისხვადასხვა ზომი წებოვანი სახვევი
(ე.წ სანტავიკი) , 2 სამკუთხა სახვევი –
გამოიყენება ამოვარდნილობების, ძირითად
მხრის ამოვადნილობის დასაფიქსირებლად,
სახვევების გასაკეთებლად, ასევე აქვს
სხვადასხვა არა სამედიცინო დანიშნულებაც.
დამატებით განყოფილება შეიცავს ასევე
დამწვრობისთვის განკუთვნილ სახვევებს,
ე.წ სამხედრო ექიმის სახვევს, რომლის
დანიშნულებაც უკვე დადებული საფენებისა
თუ სახვევების, ასევე მკერდზე დადებული დრენაჟის გასამაგრებლად გამოიყენება,
პოვიდონ-იოდის ხსნარს ჭრილობების
კიდეების გასაწმენდად (ხშირად
ჭრილობებისაც), 8 ტაბლეტ ანტიბიოტიკ
ბაციტრაცინს და ერთ 10 ტაბლეტიან შეკვრას
წყლის გასაწმენდად. არმიის მსგავსად,
ჩანთაში დაშავებულის ბარათიც დევს. აქვე
უნდა ითქვას, რომ როგორც არმიის, ისე
საზღვაო ქვეითთა კორპუსის სამხედროები
ხშირად თავიანთი ინიციატივით ამატებენ
ინდივიდუალურ აფთიაქს ბლაგვპირიან
მაკრატლებს,რადგან ტანსაცმელი ან
ეკიპირება ხელის შემშლელია ჭრილობის
დათვალიერებისას, ხოლო ბლაგვპირიანი
მაკრატლით მარტივია ტანსაცმლის გაჭრა
კანის და კანქვეშა ქსოვილების დაზიანების
გარეშე. არმიისგან განსხვავებით საზღვაო
ქვეითთა პაკეტი ბევრად უფრო
მრავლისმომცველია, რაც განპირობებულია
საზღვაო ქვეითთა სპეციფიკური
დანიშნულებით.

აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსის ინდივიდუალური პირველადი დახმარების პაკეტი
აშშ-ს არმიის სამხედროები როდი
არიან მხოლოდ თავიანთი
ინდივიდუალური აფთიაქის იმედზე,
დანაყოფების შემადგენლობაში ყოველთვის
არიან სამხედრო ექიმები კოდური
სახელწოდებით 68W (68 whiskey),
რომლებიც 16-68 კვირიან(დამოკიდებულია
კონკრეტულ სპეციალობაზე) ინტენსიურ
მომზადებას გადიან სანამ უშუალოდ
ბრძოლის ველზე გავლენ. მათ არა მხოლოდ
პირადი აფთიაქი, არამედ მთლიანი
სამედიცინო ჩანთა დააქვთ, რომელში
შემავალი ნივთების ჩამონათვალი ხშირად
ვარირებს და დამოკიდებულია კონკრეტულ
ვითარებაზე. ძირითადად ჩანთაში შედის
გადასხსმისთვის აუცილებელი ეკიპირება
როგორიცაა კათეტერები, ბეგები, სისტემები,
ასევე სხვადასხვა ზომის ნემსები. სასუნთქ
სისტემასთან დაკავშირებული
პრობლემებისთვის, მაგალითად
პნევმოთორაქსისთვის მათ აქვთ Asherman-ის და არა მხოლოდ ამ ფირმის დრენაჟები, ასევე
ვაზელინიანი სახვევები, რომლებიც ხშირად
იმპროვიზირებულად გამოიყენებიან ღია
პნევმოთორაქსის დროს. სასუნთქი გზების
გამავლობის აღდგენისათვის ჩანთაშია ასევე
ცხვირხახის მილები. საჭიროების
შემთხვევაში დააქვთ სტეტოსკოპი,
პულსოქსიმეტრი (მისი საშუალებით
იზომება პულსი და ჟანგბადის დონე
სისხლში) და ქირურგიულ ინსტრუმენტთა
მცირე ნაკრები. მოტეხილობებისთვის და
ამოვარნილობებისთვის ჩანთაშია Sam - ის
არტაშნები და სხვადასხვა ტიპის, მათ შორის
სამკუთხა, სახვევები. სისხლდენის
კონტროლისთვის დამატებით ლახტებთან
SOFT-თან (special operations forces tourniquet)
და CAT-თან ერთად აქვთ ჰემოსტატიკური
Quickclot–ის, Hemcon–ის და Celox-ის
სახვევები. სამხედრო ექიმებს ბუნებრივია
დააქვთ მედიკამენტებიც, მაგალითად:
მორფინი, ანტიბიოტიკები, ეპინეფრინი,
იბუპროფენი (ტკივილგამაყუჩებელი),
ლოპერამიდი (ანტისაფაღარათე საშუალება)
და სხვა.ძირითად კომპონენტებთან ერთად
არის დიდი რაოდენობით დამხმარე
საშუალებებიც როგორიცაა საფენები,
წებოვანი ლენტები, ხელთათმანები,
სახვევები, მაკრატლები თუ სხვა. ჩანთის
შემადგენლობა ასევე დამოკიდებულია
ექიმის მომზადებაზე და სპეციალობაზე,
ზოგჯერ ისინი იმპროვიზაციასაც
მიმართავენ და სტანდარტულ
შემადგენლობას მისიის სპეციფიკიდან
გამომდინარე ცვლიან, როგორც
რაოდენობრივად ისე თვისობრივად.
საქართველოში არსებული ვითარება
განსხვავებულია თუნდაც ამერიკულისგან.
უმჯობესი იქნება თუ განხილვას აფხაზეთის
ომიდან დავიწყებთ. მიუხედავად იმისა, რომ
საავადმყოფოებში საკმაოდ მაღალი ცოდნის
გამოცდილი პროფესიონალები მუშაობდნენ
და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს შემთხვევათა უმეტესობაში დაჭრილების
გამოყვანა დროულად ხდებოდა , ვითარება
უშუალოდ ველზე პირველადი დახმარების
მხრივ საკმაოდ მძიმე იყო. ამის ძირითად ორ
მიზეზს არ ცოდნა და სამხედრო-სამედიცინო
დანიშნულების ნივთების სიმცირე იყო,
ფაქტობრივად არცერთ მებრძოლს ჰქონდა
ინდივიდუალური სამედიცინო პაკეტი.
თუმცა, საბჭოთა წარმოების რეზინის
ლახტები დიდი რაოდენობით იყო და ყოველ
მებრძოლს კონდახზე ჰქონდა დახვეული და
იგი აფხაზეთის ომის ერთ-ერთ
სიმბოლოდაც შეგვიძლია მივიჩნიოთ, ლახტს
გარდა მებრძოლს ყველაზე მაქსიმუმ ბინტი
შეიძლება ჰქონოდა თან ან რაიმე სახვევი,
მხოლოდ ამ ნივთების წარმოადგენდა იმ
დროინდელ „პირად აფთიაქს“. საჭირო
ნივთების არ ქონის გამო ხშირად
მებრძოლები იმპროვიზაციასაც
მიმართავდნენ, მაგალითად ყოფილა
შემთხვევა როდესაც დაჭრილ სამხედროს
სისხლი თანამებრძოლმა თავისი საბრძოლო
ქამრის აჭიმით შეუჩერა. ყოფილა შემთხვევა,
როდესაც მებრძოლი ღია პნევმოთორაქსის
შედეგად დაიღუპა, რომლის გადარჩენის
ალბათობა დღეს რამდენიმე ათეული
პროცენტით მაღალია, თანაც სრულიან
მარტივი მანიპულაციით. აქვე უნდა
აღინიშნოს, რომ საქართველოში დიდი
რაოდენობით შემოდიოდა ამერიკული
სახვევები, რომლებიც ზოგჯერ მებრძოლთა
გარკვეულ ნაწილსაც ურიგდებოდა ხოლმე.
შემოსული სახვევები ძირითადად ძველი
წარმოების იყო და მათ შორის, არც ისე მცირე
ნაწილი დათარიღებული იყო 1942 წლით.
2008 წლის კონფლიქტის დროსაც,
მებრძოლებისთვის კონკრეტულად
გაწერილი პირველადი დახმარების პაკეტები
არ ყოფილა. თუმცა, სამხედროებს ჰქონდათ
ხილაბანდები და საველე სახვევები.
მოგეხსენებათ, რომ ექსტრემალურ
ვითარებაში არათუ იმპროვიზირებული, არამედ ქარხნული წარმოების ლახტის
დადებაც არ არის მარტივი საქმე და
ხილაბანდით გაკეთებული
იმპროვიზირებული ლახტის დადების
შემთხვევათა უმეტესობაში იგი
ეფექტურობით არ გამოირჩევა.
რაც შეეხება დღევანდელ დღეს,
კერძოდ ავღანეთის მისიას, მივლინებაში
მყოფ სამხედროებს აქვთ თავიანთი
სამედიცინო პაკეტები, სადაც აუცილებლად
შედის CAT ტურნიკეტი, H&H-ის H-ებრი
დამწოლი სახვევი,შესახვევი მასალა და
ლეიკოპლასტირი.
სტატიის წაკითხვის შემდეგ
მკითხველთა გარკვეულ ნაწილს თავიანთი
პირველადი დახმარების პაკეტის გაკეთების
სურვილი გაუჩნდება. პირველ რიგში
გაიაზრეთ თუ როგორი ტიპის პირველადი
დახმარების პაკეტი გნებავთ. არსებობს
უამრავი სახის და დანიშნულების პაკეტი,
სტატიაში განხილული იყო მებრძოლის
აფთიაქი, არსებობს ასევე სალაშქრო,
სამგზავრო, საოფისე, სპორტული და სხვა.
სახის პაკეტები.ყველაფრის
ინდივიდუალურ პატარა ჩანთაში ჩატევა
შეუძლებელია, თუ მაინცდამაინც
გადაწყვეტთთ ყველაფრის კომბინირებას,
თქვენ მაშინ არა მცირე ზომის, არამედ
საკმაოდ მოზრდილი ჩანთა დაგჭირდებათ,
რომელიც არც ისე ცოტას იწონის. ასევე
გაითვალისწინეთ, რომ სამედიცინო
დანიშნულების ნივთების უმრავლესობა
საკმაოდ ძვირია და სრულყოფილი
ინდივიდუალური პაკეტის გაკეთება მეტნაკლებად
ძვირი სიამოვნებაა. აქვე
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც
უნდა გაითვალისწინოთ პირადი აფთიაქის
შევსებისას.
• 1) არასდროს იყიდოთ სრული
კომპლექტი. ასეთ დროს ხშირად
დაზიანებული ან იაფასიანი ნივთი შეიძლება
შეგრჩეთ ხელში.
• 2) იყიდეთ მხოლოდ
ცნობილი ფირმის ნაწარმი და არ მოტყუვდეთ იაფფასიანი ფანდით, რასაც
ხშირად მიმართავენ დაბალხარისხიანი
კომპანიები.
• 3) მიაქციეთ წარმოების და
ვადის გასვლის თარიღს. თუმცა,
დამეწრმუნეთ ვადაგასულ ლახტსა და
საველე სახვევზე უარს არ იტყვით.
• 4)
გაითვალისწინეთ, რომ მედიკამენტები
ყუთების სახით არ გედებათ სამედიცინო
პაკეტში, ის ან ფირფიტების ან ცალკეული
ტაბლეტების სახით გექნებათ. ამის გამო
ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყოთ,
რომ შეცდომით იბუპროფენის მაგივრად
იმოდიუმი არ მიიღოთ.
• 5) პაკეტში შემავალი
მედიკამენტების სია დაწერეთ ქაღალდზე და
დააწერეთ მათ როგორც ვადის გასვლის
თარიღი ასევე გამოყენების ინსტრუქცია. ასეთ შემთხვევაში სხვაც შეძლებს თქვენთვის
(თუ თქვენ არ შეგეძლებათ თვითდახმარების
ჩატარება) პირველადი დახმარების გაწევას.
• 6) ბრმად ნუ ენდობით რჩევებს სხვადასხვა
მედიკამენტისა თუ სამხედრო–სამედიცინო
ნივთის შესახებ. თქვენ ინდივიდუალურ
პაკეტში შეიტანეთ ის ნივთები, რომლებზეც
ზუსტად გეცოდინებათ ,რომ გამოყენება
შეგიძლიათ და მედიკამენტეის შემთხვევაში
დარწმუნდით, რომ მათზე ალერგია არ
გაქვთ.
• 7) უმჯობესია თუ სამედიცინო
პაკეტი მოთავსებული იქნება წყალგაუმტარ
ჩანთაში და დანიშნული იქნება ჯვრით ან
რაიმე წარწერით, რომელიც მიანიშნებს, რომ
მასში სამედიცინო დანიშნულების ნივთები
აწყვია.